ჩავი, კრიშტიანუ, რამოსი, ლიგის ფავორიტები და ბარსა - მესის ვრცელი ინტერვიუ Marca-სთან

ავტორი: Salo Qobalia • 24-11-2021, 01:36


პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ლა პულგამ“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე, პარიზზე, პსჟ-სთან ადაპტაციაზე, რამოსზე, კრიშტიანუზე, „ბარსელონასა“ და ჩავის დანიშვნაზე ისაუბრა.

მესი პარიზში გადასვლაზე

 „ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ადაპტაცია სრულად გავიარე, ახალ სახლში გადავედით და ბავშვებმა სკოლაში სიარული დაიწყეს. სანაკრებო პაუზის გამო არგენტინაში მოგვიწია გამგზავრება, რამაც ახალ გარემოსთან შეგუებაში ცოტათი ხელი შეგვიშალა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა“.
 მესი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე

 „ყველა ამბობს, რომ ჩვენ გამოკვეთილი ფავორიტები ვართ და ამას არც უარვყოფ. ფეხბურთელთა სახელებს თუ გავითვალისწინებთ, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ნამდვილად ვართ, მაგრამ კიდევ რაღაცების გაკეთება გვჭირდება, რათა ძლიერ გუნდად ვიქცეთ. შეთამაშება აუცილებელია და ჩვენი უპირატესობა დიადი ფეხბურთელების ყოლაა, თუმცა პსჟ ერთადერთი ფავორიტი არაა. ჩემპიონთა ლიგა რთული ტურნირია და სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული და სანახაობრივი. აქ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები თამაშობენ და ტიტულის მოგება უფრო და უფრო ძნელდება. დიახ, პსჟ ფავორიტია, მაგრამ ერთადერთი ფავორიტი არაა.

 ჩვენ გარდა, ლივერპულის გამოყოფა შემიძლია. წითლები შესანიშნავად გამოიყურებიან და იმ ლივერპულს გვახსენებენ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ლივერთან ერთად, შეგვიძლია, სიტი, ბაიერნი, რეალი და ატლეტიკო ვახსენოთ. ბევრი გუნდია, რომლებსაც წლევანდელ სეზონში წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ბარსელონას რაც შეეხება, ბლაუგრანაში რეკონსტრუქციის პროცესი მიმდინარეობს და გუნდში უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს. ვფიქრობ, დღესდღეობით, ბარსელონაზე უკეთესი გუნდები ნამდვილად არიან“.


 მესი ჩავიზე

 „ჩავი არის მწვრთნელი, რომელმაც ბევრი რამ იცის და იგი კლუბს ძალიან კარგად იცნობს. მისი დანიშვნა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ მასთან ერთად, ბარსელონა პროგრესს მიაღწევს. მან  ბარსელონას ქომაგებს იმედი დაუბრუნა, რადგან იგი არის ადამიანი, რომელსაც ფეხბურთელები და გულშემატკივრები უდიდეს პატივს ცემენ“.

 მესი კრიშტიანუ რონალდუზე

 „მანჩესტერ იუნაიტედი ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. კრიშტიანუ კლუბს კარგად იცნობდა, მაგრამ ახლა მანჩესტერი სხვა დონეზე იმყოფება და მას ადაპტაციის გავლა მაინც არ გასჭირვებია. რონალდუმ გოლების გატანა პირველივე მატჩიდან დაიწყო და ახალ კლუბთან შეგუება მისთვის პრობლემა არ ყოფილა. პრემიერ ლიგა რთული ტურნირია და დეკემბრის შემდეგ შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს“.

 მესი სერხიო რამოსზე


 „რა შეგრძნებაა სერხიო რამოსის თანაგუნდელობა? ახალი არაფერი, მაგრამ თავდაპირველად, ყველაფერი ძალიან უცნაური იყო. რეალისა და ბარსელონას კაპიტნები ამდენი კლასიკოსა და მოედანზე ამდენი ჩხუბის შემდეგ, ერთ გუნდში... თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. ნელ-ნელა სერხიო მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება და იმედი მაქვს, რაც შეიძლება სწრაფად შეძლებს თამაშს, რადგან იგი ტიტულებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იქნება“.




მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია