„ყველაზე მნიშვნელოვანი კონორთან ჩხუბი იყო" - ხაბიბმა საკუთარ კარიერაზე ისაუბრა

ავტორი: Salo Qobalia • 29-12-2020, 01:02



UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკუთარ კარიერაზე ისაუბრა. „არწივმა“ ინტერვიუ Матч ТВ-ს მისცა და განაცხადა:

„კარიერაში მარტივი ბრძოლები არ მქონია. ერთ-ერთი ყველაზე რთული შერკინება 2012 წელს გავმართე, როცა 24 წლის ვიყავი და პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. მეტოქე გლეისონ ტიბაუ იყო. მის გარდა, რაფაელ დოს ანიოსი და კონორ მაკგრეგორიც უნდა გამოვარჩიოთ.

ეს ბრძოლები ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისით ყველაზე რთული გახლდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯახი კი 2018 წლის 6 ოქტომბერს მქონდა. მაშინ მე და ჩემმა გუნდმა დავამტკიცეთ, რომ კონკურენტუნარიანები ვიყავით. იმ ბრძოლის შემდეგ, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ჩემი და კონორის ჩხუბი მთელმა მსოფლიომ იხილა და რუსეთში მას მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთესი რეიტინგი ჰქონდა“.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ხაბიბმა კარიერაში 29-ე გამარჯვება მოიპოვა და 24 ოქტომბერს ჯასტინ გეიჯი დაამარცხა. ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე კი „არწივის“ მამა, მწვრთნელი და მენტორი, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი გარდაიცვალა. ხაბიბმა კარიერის დასრულების შესახებ სწორედ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. ნურმაგომედოვმა კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია