'ამ ქულებით 280-ე უნდა ყოფილიყო' - ბასილაშვილი პანდემიამ გადაარჩინაო

ავტორი: Salo Qobalia • 26-12-2020, 00:20


ამერიკულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა Lastwordonsports ATP-ს რეიტინგის TOP 50 ჩოგბურთელისთვის 2020 წლის შედეგები შეაჯამა და ნიკოლოზ ბასილაშვილზეც დაწერა, რომელიც წელს მე-40 ადგილზე ასრულებს. მოგეხსენებათ, საქართველოს პირველი ჩოგნისთვის მიმდინარე წელი ყოველმხრივ მძიმე გამოდგა, ამდენად, აღნიშნული საიტის შეფასებაც შესაბამისია.

ბასილაშვილთან დაკავშირებით მოგება-წაგებათა ბალანსი ყველაფერზე მეტყველებს და ის კლასიფიკაციაში გაცილებით დაბლა იქნებოდა, გასაგები მიზეზის გამო, 2019 წელს აღებული ქულების ძირითადი ნაწილი რომ არ შენახვოდა. რეალურად, იმ ქულებით, რაც მან წელს გამოიმუშავა, ნიკოლოზი რეიტინგში სადღაც 280-ე უნდა იყოს. ქართველი ჩოგბურთელისთვის 2020 წელი პირადი ცხოვრების მხრივაც დანავსული გამოდგა: ყოფილმა მეუღლემ ოჯახური ძალადობისთვის უჩივლა და მართალია, ის თავად ყველაფერს უარყოფს, სასამართლო ჯერაც მიმდინარეობს და შესაძლოა, დააპატიმრონ კიდეც. იყო თუ არა კარგი მომენტები? ალბათ, ურუგვაელ პაბლო კუევასთან მოგება ATP Cup-ზე და საერთო ჯამში მოპოვებული 4 გამარჯვება პანდემიამდე. აი, შემდეგ კი, ბასილაშვილმა მხოლოდ 1 სეტის მოგება მოახერხა. შესძლებს თუ არა ნიკოლოზი მომავალ წელს მომატებას? უდავოა, რომ სეზონებს შორის არსებული პაუზა მისთვის მისწრება იყო. ის ცნობილია მოულოდნელი აღზევებითა და ვარდნებით, თუმცა, წლეულს მხოლოდ ამ უკანასკნელს ვხედავდით.

შეგახსენებთ, რომ ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ანუ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზა დასრულდა, ნიკოლოზს ზედიზედ 11 მატჩი აქვს წაგებული და ამ თამაშებში ერთადერთი სეტი ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ ტურნირზე, შვეიცარიელ მარკ-ანდრე ჰუესლერთან მოიგო. ეს 9 ნოემბერს მოხდა და ბასილაშვილს მას შემდეგ არ უთამაშია. დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობას გეგმავს, სეზონს კი, სავარაუდოდ, 5-13 იანვარს თურქეთის ქალაქ ანტალიაში, 250-ათასიან ტურნირზე გახსნის.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია