მესის ჭორები მობეზრდა - რას აპირებს ლეო

ავტორი: Salo Qobalia • 23-03-2021, 00:06


ლიონელ მესის ჯერ ოფიციალური წინადადება არც ჟოან ლაპორტასგან მიუღია და არც სხვა რომელიმე კლუბისგან, - იტყობინება ESPN არგენტინელის გარემოცვიდან გამოტანილი ცნობის საფუძველზე.

წყაროს თანახმად, ლეოს სურს, რომ რონალდ კუმანის გუნდს ამ სეზონის წარმატებით დასრულებაში მშვიდად დაეხმაროს და მომავალთან დაკავშირებული ჭორებისგან დისტანცირდეს, გადაწყვეტილება კი სეზონის ბოლოს მიიღოს.

ESPN წერს იმასაც, რომ არგენტინელ მეგავარსკვლავს ახალგაზრდები ძალიან მოსწონს. პედრისთან და მორიბასთან "ლა პულგას" კარგი, ხოლო არაუხოსთან - განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.

საგულისხმოა ისიც, რომ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელის მამა და აგენტი, ხორხე მესი ამჟამად არგენტინაში იმყოფება. ზუსტი თარიღი, თუ როდის შეხვდება ის ჟოან ლაპორტას, დათქმული არაა.

ბუნებრივია, "ბარსას" ახალი პრეზიდენტი ამ პერიოდით სარგებლობს და ცდილობს გაარკვიოს, თავისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად კარგი წინადადების გაკეთება შეეძლება კატალონიურ გრანდს კაპიტნისთვის.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია