კვარაცხელია მხოლოდ მესიზე და ტრაორეზე უკან: "თუ ასე გააგრძელებს, ევროპა შორს არაა"

ავტორი: Salo Qobalia • 11-03-2021, 00:08


რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად გამოცემა news.sportbox-მა ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. ვებგვერდმა ამის დასტურად ფაქტებიც მოიყვანა.

საინტერესოა, რომ დრიბლინგების რაოდენობით მიმდინარე სეზონში ხვიჩა ევროპის ტოპ ლიგებში მხოლოდ ლიონელ მესისა და ადამა ტრაორეს ჩამორჩება!
„რეიტინგის სათავეში, როგორც მოსალოდნელი იყო „ქართველი მესია“, რომელის წყალობითაც „რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ გუნდად ითვლება. თავად განსაჯეთ: ყაზანური გუნდის მოთამაშეები თამაშში საშუალოდ 9.8 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებენ, პირადად ხვიჩა კი - 3.8. ანუ მესამედზე მეტს! კვარაცხელია პრემიერლიგის ყველაზე დრიბლიორი ფეხბურთელია, საშუალოდ თითო მატჩში 7.6 მცდელობას აკეთებს.

ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში მხოლოდ ორი მოთამაშე სჯობს ხვიჩას თამაშის ეფექტურობით: ადამა ტრაორე „ვულვერჰემპტონიდან“ (4.1 დრიბლინგი მატჩში) და ლიონელ მესი (4.4). ამავდროულად, კვარაცხელიამ სხვა ასპექტებით უკვე აჯობა „ვულვზის“ შემტევს, რომელიც ეფექტური მოქმედებით არ გამორჩეულა, ქართველმა კი უკვე 5 ქულა დააგროვა გოლი+პასის სისტემით. თუ ხვიჩა ამ სულისკვეთებით გააგრძელებს, ევროპაში დაწინაურება უკვე შორს აღარაა!“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 2 გოლისა და 3 საგოლე პასის გარდა, 3 მოპოვებული პენალტიც აქვს თავის ანგარიშზე.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია