ფუტსალი: საქართველომ სომხეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა!

ავტორი: Salo Qobalia • 11-03-2021, 00:03


საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ავთანდილ ასათიანის გუნდი შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში ერევანში, სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

თამაში უმძიმესი და დაძაბული გამოდგა. სატურნირო მოტივაციის გარეშე სომხეთმა მაინც ბოლომდე იბრძოლა და რომ არა ზვიად კუპატაძის შესანიშნავი თამაში (14 სეივი ჰქონდა), ვინ იცის, იქნებ, საქართველოს ნაკრებს ვერ მოეგო. არადა, თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. მატჩის დასაწყისშივე კურტანიძისა და ბინიოს გოლებით საქართველოს ნაკრები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ სომხებმა მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

გამარჯვების გოლი ელისანდროს ანგარიშზეა, რომელმაც ძალიან ეფექტური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. სხვათა შორის, მან სომხეთის ნაკრებს ორ მატჩში 4 გოლი გაუტანა და მოპოვებულ 6 ქულაში დუდიდესი წვლილი შეიტანა.

ოთხი ტურის შემდეგ რუსეთის ნაკრები 12 ქულით პირველ ადგილზეა და პრაქტიკულად განაღდებული აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. საქართველოს ნაკრები 7 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და 5 ქულით უსწრებს საფრანგეთის ნაკრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ადგილთან ასათიანის გუნდი ძალიან ახლოსაა, მაგრამ აქ საუკეთესო ექვს მეორეადგილოსანში მოხვედრაა კიდევ ერთი მთავარი მიზანი, რასაც ბუნებრივია, ქულათა მაქსიმალური რაოდენობა სჭირდება. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 8 აპრილს, თბილისში, სწორედ სფრანგეთთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ.

ცნობისთვის, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე ჩატარდება. მასპინძელს ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს. ნიდერლანდების გარდა, შესარჩევი ციკლის 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე ავტომატურად გავა, ბოლო მე-16 მონაწილის ვინაობა კი უარეს ორ მეორეადგილოსანს შორის ორრაუნდიანი პლეი-ოფით გაირკვევა.
სომხეთი - საქართველო 2:3 (1:2)
გოლები: 0:1 კურტანიძე (6), 0:2 ბინიო (9), 1:2 მაშურმიანი (12), 2:2 ნევედროვი (21), 2:3 ელისანდრო (23)


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია