40 წლის წინ - ჰიონესი ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩა

ავტორი: Salo Qobalia • 21-02-2022, 01:25



ული ჰიონესი „ბაიერნის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტია. მან „რეკორდმაისტერი“ უძლიერეს გუნდად ჩამოაყალიბა. 40 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს ული ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩა.
1979 წელს, ჰიონესმა მუხლის პრობლემების გამო საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ძალიან მალე მიუნხენის „ბაიერნში“ დაიწყო მუშაობა. 1982 წლის თებერვალში ულიმ მთელი დღე ფეხბურთელებთან მოლაპარაკებაში გაატარა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მისი განწყობაც შესანიშნავი იყო.
საღამოს, ჰიონესმა თავის მეგობარს ჰემლუტ სიმლერს დაურეკა. მას ჰანოვერში გადაფრენა სურდა, რათა გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებების ამხანაგურ მატჩს დასწრებოდა. ჰიონესმა კლუბის პრეზიდენტი ვილი ჰოფმანიც დაპატიჟა, თუმცა მას პროპელერიანი თვითმფრინავით მგზავრობა არ უნდოდა და უარი განაცხადა. მისი უარი შესაძლოა პილოტის ვინაობის გაგებამაც გამოიწვია. ჰიონესი თავის ნაცნობ პილოტ, ვოლფგანგ იუნგინგერთან ერთად გაემგზავრა.

იუნგინგერი კარგი მოთხილამურე იყო - 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოც კი აიღო. მაგრამ თვითმფრინავის მართვა ასე კარგად არ იცოდა. ჰიონესთან ერთად გაფრენამდე რამდენიმე წლით ადრე, მას ერთი ავარიული დაშვება ჰქონდა. ამ ფაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მგზავრები მაინც დაშავდნენ.
ჰიონესი ამ ფაქტმა არ შეაშინა. ის სიმლერთან, იუნგინგერთან და მეორე პილოტთან ერთად ჰანოვერში გაფრინდა. თვითმფრინავის მოდელი „პიპერ სენეკა“ იყო. აღნიშნული ხომალდი 6 ადამიანზე იყო გათვლილი. ჰიონესი უკან, მარჯვენა მხარეს დაჯდა და მალე ჩაეძინა. ჰანოვერთან მიახლოებისას, იუნგინგერმა დისპეტჩერს ცუდი ხილვადობის შესახებ ამცნო.
თვითმფრინავი დაშვებას აპირებდა, მაგრამ დისპეტჩერმა პილოტს მაღლა აფრენა და ჩრდილოეთისკენ გადახვევა ურჩია. ამის შემდეგ, თვითმფრინავი რადარიდან გაუჩინარდა და კონტაქტი შეწყდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ „პიპერ სენეკა“ ჰანოვერთან ახლოს „შავი ჭაობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ადგილზე სასწრაფოდ გაემგზავრნენ მაშველები და მეხანძრეები. თვითმფრინავი მაღალ ხეებს შეეჯახა, ჩამოვარდა და დაახლოებით 100 მეტრი მინდორში შეუჩერებლად გაიარა. ზუსტად რა მოხდა ჰიონესს არ ახსოვს. მას ეძინა ან დარტყმის დროს მეხსიერება დაკარგა. სიმლერი გარდაიცვალა. პილოტები დასახიჩრებულნი იყვნენ. მაშველებმა ისინი ძლივს გადმოიყვანეს.

ჰიონესს საოცრად გაუმართლა. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია:
„კატასტროფის შემდეგ, გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო. ეს არის იღბალი. მას დღეს სიკვდილი არ ეწერა.“
ჰიონესის გადარჩენის რეალური მიზეზი კი მართლაც საინტერესოა. როგორც გაირკვა, ულის სპეციალური ღვედი არ ეკეთა და მიწაზე დაცემის დროს ის თვითმფრინავიდან გადმოვარდა. სწორედ ამ ფაქტმა იხსნა „ბაიერნის“ პრეზიდენტი სიკვდილისგან. ავარიის მიზეზი კი ვერ გაარკვიეს. აღნიშნულ თვითმფრინავში „შავი ყუთი“ არ იდო.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია