'მათი დანახვა ძალიან გამიხარდა' - ჩაკვეტაძე ქართველ ქომაგებზე

ავტორი: Salo Qobalia • 14-02-2022, 01:14



გიორგი ჩაკვეტაძეს ჰამბურგში დებიუტი ჯერ კიდევ 1 კვირის წინ ჰქონდა, მაგრამ 12 თებერვალს მან პირველად ითამაშა საკუთარი პუბლიკის წინაშე, ჰაიდენჰაიმთან მოგებულ მატჩში (2:0).

მატჩის მიმდინარეობისას ტელეკამერების ობიექტივშიც არაერთხელ მოხვდა ხუთამდე ქართველი ქომაგი, რომელთაც საქართველოს დროში ჰქონდათ და ჩაკვეტაძის მაისურები ეცვათ. გიორგიმ მათ მატჩის შემდეგ თავისი მაისურიც აჩუქა.

"ძალიან სასიამოვნო იყო ამ პერფორმანსის დანახვა, ძალიან გამიხარდა. შევხვდი ფანებს მატჩის დასრულების შემდეგ და მათ ჩემი მაისური ვაჩუქე. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჰაიდენჰაიმთან მოვიგეთ", - განაცხადა გიორგიმ.

გიორგიმ პირველ საშინაო მატჩში თავი ეფექტური ქმედებებით გამოიჩინა
გიორგიმ პირველ საშინაო მატჩში თავი ეფექტური ქმედებებით გამოიჩინა
"ჩაკვე" ფიქრობს, რომ ძალიან კარგ გარემოში მოხვდა და ბედნიერია, მაგრამ ისიც თქვა, რომ ჯერჯერობით, 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის:

"HSV-ში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, აქ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ძალიან კარგად მიმიღეს, მწვრთნელი ძალიან მეხმარება და ვგრძნობ, რომ კარგ ხელში ვარ. ჩვენი მიზანია ყველა თამაში მოვიგოთ და სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ. ბოლო რამდენიმე თვეა ბელგიაში თითქმის არ მითამაშია და ამიტომ, 90 წუთის განმავლობაში თამაში ჯერ არ შემიძლია. ბევრს ვმუშაობ და შემდეგ ჯერზე შესაძლოა, 35-45 წუთი ვითამაშო".


"ფოლკპარკშტადიონზე" ქართველი გულშემატკივრების ყოფნა არც ჰამბურგის პრესსამსახურს გამორჩენია. გუნდის ვებგვერდზე ვკითხულობთ: "ჰამბურგის ხუთ გულშემატკივარს ახლად შეძენილი მაისურები საპირისპიროდ ეცვა. ამიტომ, 7 ნომერი მათ მკერდზე იყო გამოსახული. გარდა ამისა, მთელი თამაშის განმავლობაში საქართველოს დროშა ეკავათ, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენს ახალწვეულ გიორგი ჩაკვეტაძეს უკავშირდებოდა. მან დაახლოებით 30 წუთი ითამაშა მსაჯის კომპენსირებული დროის ჩათვლით და უპრობლემოდ მოერგო თანაგუნდელებს, რითაც სეზონში მე-6 საშინაო გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა".

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. მან HSV-ს მაისურით 2 ოფიციალური და 1 ამხანაგური მატჩის ჩატარება მოასწრო. ჰამბურგი გერმანიის II ბუნდესლიგაში 40 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერებს -  ზანკტ პაულისა და ვერდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, მომდევნო შეხვედრას კი 19 თებერვალს, სტუმრად ზანდჰაუზენთან გამართავს.




მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია