პირლომ მწვრთნელის რანგში პირველი ჯილდო მოიგო

ავტორი: Commander • 21-01-2021, 12:10


ჯენარო გატუზოს ნაპოლისთან იტალიის სუპერთასის ფინალში წაგების შემთხვევაში იუვენტუსის დამრიგებელი ანდრეა პირლო შესაძლოა, მწვრთნელის თანამდებობიდან დაეთხოვათ, მან კი შესაბამის რანგში კარიერის პირველი ჯილდო დაისაკუთრა. 

2:0 მოგებული გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ პირლომ განაცხადა, რომ ინტერთან წაგების მერე „იუვეს“ საკუთარი სიძლიერის დამტკიცება სურდა.

„მწვრთნელის რანგში ამ ტიტულის მოგება ძალზე მახარებს. მოთამაშის რანგში ტიტულის მოგებისგან განსხვავებული შეგრძნებებია. ეს უკეთესიცაა, რადგან სათავეში ვუდგავარ შესანიშნავ გუნდს და ვმუშაობ უდიდეს კლუბში. საოცარი შეგრძნებაა.

ხშირად არ არის, რომ ფინალში ორივე გუნდი კარგად თამაშობდეს. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ასეთი შემართებით თამაშობ როგორც ჩვენ, იღბალი გწყალობს. გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ ის გუნდი არ ვიყავით, რომელმაც ინტერთან წააგო.

დასანანია, რომ გატუზომ ვერ მოიგო, მაგრამ საკუთარი შედეგით ბედნიერი ვარ.

ჩვენ ვიყავით ორი მწვრთნელი ორ მნიშვნელოვან გუნდში. ეს განსხვავებული ტიპის სამუშაოა. 

ინტერთან შეხვედრის შემდეგ ბევრს გვაკრიტიკებდნენ. მახარებს, რომ ჯილდო ჩვენია. ადამიანების გაღმერთება და შემდეგ პრესაში მათი გათელვა იოლია. კარიერის განმავლობაში წარმატებებს და წარუმატებლობებს მივეჩვიე. ვიცი, რომ ჩემს უკან დიდი კლუბი დგას. ასე რომ, შემიძლია სამუშაოზე ვიყო მომართული.

თუ არსაიდან ჩნდები და იუვენტუსის წვრთნას იწყებ, კრიტიკას თავს ვერ დააღწევ, მაგრამ შედეგები ყველაფერს იტყვის,“ - RAI Sport-ზე დაყრდნობით პირლოს კომენტარს ახმოვანებს football-italia.

იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი მეცხრედ მოიპოვა. აქამდე ტურინელებს 1995, 1997, 2002, 2003, 2012, 2013, 2015 და 2018 წლებში მოეგოთ.

უშუალოდ პირლოს მოთამაშის რანგში სამჯერ აქვს მოგებული სუპერთასი - 2004 წელს მილანთან და 2012 და 2013 წელს "ბებერ ქალბატონთან". 


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია