,,ვიტანჯებოდი და გამუდმებით ვსვამდი" - რუნიმ შეცდომებზე ისაუბრა

ავტორი: Salo Qobalia • 8-02-2022, 01:38



დერბი ქაუნთის მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ, ალკოჰოლთან დამოკიდებულებისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ გულწრფელად ისაუბრა. მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა არც ის პრობლემები დამალა, რომელიც მის ბავშვობას თან ახლდა:
დედას და მამას ჩვენთვის სამყოფი ფული არ გააჩნდათ, იმ ადგილას, სადაც ყოველთვის ჩხუბი და გაურკვევლობა იყო, ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, ამისთვის მზად არ ვიყავი.
 16 წლის ასაკში პროფესიონალურ ფეხბურთში მოხვედრაზე არ მიფიქრია და ცხოვრების ამ ეტაპისთვის მოუმზადებელი აღმოვჩნდი. დიდი დრო დამჭირდა გამეგო, როგორ უნდა გავმკლავებოდი ამ მდგომარეობას. თითქოს, აღმოვჩნდი იმ ადგილას, რომელიც ჩემთვის კომფორტული საერთოდ არ იყო.

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ბევრი შეცდომა დავუშვი, როგორც პრესასთან, ისე ჩემს მენეჯერთან და ოჯახთან მიმართებით. იყო შემთხვევები, როდესაც ფეხბურთიდან დასვენება რამდენიმე დღე მიწევდა, მე კი ვსვამდი და გონებაში არსებული ფიქრების გაქრობას ასე ვცდილობდი. ჩემს გარშემო იცოდნენ, რომ სასმელი მომწონდა, თუმცა რეალური სურათი სხვა იყო. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, თუმცა მაშინ იუნიატედის გასახდელში ვერ შევიდოდი და მოვყვებოდი, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. ეს შინაგანი ტანჯვის მაგვარი იყო, საკუთარ თავში ჩაკვეტის მსგავსი.
 ყველაფერს საკუთარ თავში ვინახავდი და აფეთქებას არაფერი ეკლდა. ყოველდღე სულელურ შეცდომებს ვუშვებდი, თუმცა იყო ისეთი მომენტიც, როდესაც ჩემს ცოლსა და ოჯახს ვესაუბრე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა.
 აშკარა იყო, რომ ის, რასაც ვერ ვაკონტროლებდი, მოედანზეც გადადიოდა, რის გამოც აგრესიულად ვთამაშობდი და უცნაური წითელი ბარათიც მიმიღია. შემდეგ ყველა საკითხი მოვაგვარე და დღეს, ყველაფერს ვაკონტროლებ. ჩემი და სასმელის ურთიერთობა ახლა უკვე სხვაგვარია - პრობლემა აღარ არსებობს.
36 წლის სპეციალისტმა დერბი 2021 წლის იანვარში ჩაიბარა და მიმდინარე სეზონში, 29 ტურის შემდეგ, მხოლოდ 15 ქულა აქვს და 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, 23-ე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ რუნის დერბი არველაძის ჰალ სიტის დღეს დაუპირისპირდება. ჩემპიონშიპის 31-ე ტურის შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია