ჩელსიმ მიზანს ვერც ამჯერად მიაღწია - რუდიგერმა უარი კვირაში 200 000-ზე თქვა

ავტორი: Salo Qobalia • 5-02-2022, 01:31



„ჩელსის“ გამოცდილი უკანახაზელის, ანტონიო რუდიგერის მომავალთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანია გაჩენილი. გერმანელი ფეხბურთელი „არისტოკრატებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს და შესაძლოა, ზაფხულში, „სტემფორდ ბრიჯი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

Daily Mail-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ლურჯებმა“ რუდიგერის აგენტებთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით. ლონდონელებმა ანტონიოს ახალი წინადადებით მიმართეს და ისევ უარი მიიღეს.

ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „ჩელსიმ“ 28 წლის მცველს ხელფასის სახით, კვირაში 200 000 გირვანქა სტერლინგი შესთავაზა. „არისტოკრატების“ პირველი წინადადება 140 000 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში იყო და მათ დათმობებზე წასვლა მოუწიათ, მაგრამ საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „სტემფორდ ბრიჯზე“ განვითარებულ მოვლენებს ევროპული გრანდები აქტიურად აკვირდებიან. ბრიტანული პრესის მიხედვით, „ჩელსის“ უკანახაზელის საკუთარ რიგებში ხილვა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „რეალს“ სურთ და ზაფხულში მისი გადაბირება ორივე კლუბის პრიორიტეტი იქნება.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია