''ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ'' - ასათიანი რუსეთთან მატჩზე

ავტორი: Salo Qobalia • 30-01-2022, 01:16



ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე, ევრო 2022-ის ფინალური ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებმა საქართველო 8:0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა განაცხადა, რომ ეს მატჩი მალე უნდა დაივიწყონ და შემდეგ შეხვედრაზე იფიქრონ.

''ჩვენთვის და ყველასთვის ანგარიში მიუღებელია, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ძალიან კარგი შედეგია. ცალი თვალით მეოთხედფინალისკენ უნდა გვეყურებინა, აქედან გამომდინარე ფეხბურთელებს, რომლებსაც მცირე ტრავმები ჰქონდათ, კონკრეტული დავალებები მივეცით. მთელი ძალები მეოთხედფინალში უნდა დავხარჯოთ, რუსეთთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

 ცხადია, შეცდომები დავუშვით, შეცდომებმა განაპირობა მარცხი, პასუხისმგებელი მე ვარ. ახლა ფსიქოლოგიურად კარგად უნდა მოვემზადოთ, ესპანეთთან მარცხი დავივიწყოთ და რუსეთთან შეხვედრაზე ვიფიქროთ.

 რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმა აწუხებდა. მაგალითად, ელისანდრო 100 პროცენტით მზად არ იყო. ასევე, ზვიად კუპატაძეს მცირე ტრავმა ჰქონდა და შეცვლა მთხოვა. საწყენია, რომ ასეთი ანგარიშით დავმარცხით და მზად ვარ, შედეგზე პასუხისმგებელი ვიყო''.

D ჯგუფში ესპანეთი 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და საქართველო მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა. აზერბაიჯანის ნაკრებმა სენსაცია შემოგვთვაზა, ესპანეთთან ქულა მოიპოვა, თუმცა საერთო ჯამში მხოლოდ 4 ქულა დააგროვა და ფინალურ ეტაპს დაემშვიდობა. ბოსნია-ჰერცეგოვინამ 0 ქულით ბოლო პოზიცია დაიკავა.

მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდება. პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე რუსეთთან დაპირისპირებას ქართველებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ასე რომ, მეოთხედფინალური მატჩი ასათიანის გუნდისთვის ძალიან პრინციპულია. აღნიშნული შეხვედრა პირველ თებერვალს გაიმართება.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია