"მამაჩემის მკვლელს ვეძებდი და იარაღით დავდიოდი" - შამარ ნიკოლსონის მძიმე ბავშვობა

ავტორი: Salo Qobalia • 24-01-2022, 01:26



იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მოსკოვის „სპარტაკმა“ „შარლერუადან“ 24 წლის თავდამსხმელი შამარ ნიკოლსონი შეიძინა. იამაიკელმა თავდამსხმელმა, ბელგიურ კლუბში 83 ჩატარებულ შეხვედრაში, 31 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ სტატისტიკამ მოსკოვში იმედები გააჩინა.

ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, ნიკოლოსნმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, თუმცა დღევანდელ სტატიაში ყველაზე საინტერესოს შემოგთავაზებთ. ცნობისთვის, შამარი ბობ მარლის მეზობლად გაიზარდა.
შამარ ნიკოლსონი:
 „მე კინგსტონიდან ვარ. იქ ქუჩები დანომრილია. ბობ მარლი პირველ ნომერში ცხოვრობდა, მე მეორეში. ჩემს საცხოვრებელ ადგილს „თრენჩთაუნი“ ჰქვია. იქ ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და ამ ადგილმა მსოფლიოს არაერთი ადამიანი აჩუქა. ჩემი და ბობ მარლის სახლები საკმაოდ ახლოს იყო. ერთ დღეს ღობეს გადავახტი და მის ეზოში აღმოვჩნდი. მის შვილს კარგად ვიცნობდი.
 მამაჩემი კარგი ადამიანი და მეოჯახე იყო. მისმა გარდაცვალებამ შოკში ჩაგვაგდო. ის მთელი ოჯახისთვის შეუფასებელი დანაკარგი იყო. იამაიკაში შობა 25 დეკემბერს აღინიშნება. მამა კი შობამდე 2 დღით ადრე მოკლეს. იმ დღეს ჩემი საყვარელი გუნდის თამაში იყო. როდესაც მამა სტადიონზე შემოვიდა, თამაში უკვე დაწყებული იყო. დღემდე არ ვიცი რატომ, მაგრამ შემოსვლისას მხოლოდ მას ვუყურებდი.
 10 წუთი თვალს ვერ ვაშორებდი. ასეთი რამ ადრე არ მომხდარა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თამაშმა ყურადღება გამიფანტა და მამა მხედველობის არეალიდან დამეკარგა. თვალებით მისი ძებნა დავიწყე. დავინახე და ისევ მატჩის ყურება გავაგრძელე. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, მამაჩემი სტადიონის სულ სხვა მხარეს აღმოჩნდა. მას ისევ დაჟინებით ვაკვირდებოდი.

შეხვედრა დასრულდა. მე და ჩემი მეგობრები გარეთ გავდიოდით რა დროსაც სროლის ხმა გავიგეთ. მაშინ არ ვიცოდი, რომ მამაჩემს ესროლეს. ასეთ დროს ბრბო ყოველთვის შემთხვევის ადგილზე გარბის, რათა მომხდარი იხილოს. გამონაკლისები არც ჩვენ ვიყავით. დაახლოებით 50 მეტრიდან დავინახე, რომ მიწაზე მამაჩემი იწვა. ზუსტად მახსოვს ის მომენტი, თუ რა დროს გარდაიცვალა. ამ ყველაფერს ჩემი თვალებით ვუყურებდი.
 მე და მამა ძალიან ახლოს ვიყავით. ის დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი იყო. რაც ამ ფაქტს მოყვა საშინელებაა. ფეხბურთის თამაშს თავი დავანებე და მხოლოდ ცუდზე ვფიქრობდი. წელიწადნახევარი ბურთს არ გავკარებივარ. იამაიკაში იარაღის შოვნა ადვილია. ვიშოვე და განგსტერებთან ერთად ქუჩაში დავდიოდი. საერთოდ არ მეძინა. დეპრესიაში ჩავვარდი და მხოლოდ შურისძიებაზე ვფიქრობდი. გამოსწორებაში დედა და მეგობრები დამეხმარნენ. მათ კარგად იცოდნენ ჩემი საფეხბურთო შესაძლებლობები და დამარწმუნეს, რომ შურისძიება არ გამომადგებოდა.

მეუბნებოდნენ, რომ კონცენტრაცია იმაზე უნდა გამეკეთებინა, რაც ძალიან მიყვარდა. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მამას ჩემით ეამაყა. მე კი ძალიან მხოლოდ ფეხბურთი მიყვარდა. ამის აღქმა თავიდან მაინც გამიჭირდა და არავის ვუსმენდი. ჩემს გონებაში ნეგატიური აზრების გარდა არაფერი ჩნდებოდა. საცხოვრებლად პორტმორში გადავედი. იქ გავაანალიზე, რომ ჩემი ცხოვრების სტილი ან სასაფლაოზე მიმიყვანდა, ან ციხეში. ამის შემდეგ, ფეხბურთზე დავიწყე ფიქრი. მამაჩემის გახსენება მოტივაცია გახდა. მას შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ ძალა აღარ მყოფნის და ვეღარ ვვითარდები, მამაჩემი მახსენდება და საკუთარ თავს ვპირდები, რომ მისთვის ყველა სიძნელეს გადავლახავ.
 ჩემი ყოფილი მწვრთნელი რიკარდო ბიბი უსაინ ბოლტის მეგობარია. ამის გამო მასთან ხშირად მიწევდა შეხვედრა და ის ძალიან დამეხმარა. მეტსაც გეტყვით, რუსეთში გაფრენის წინა ღამეს ბოლტს შევხვდი და არაერთი რჩევა მოვისმინე. იამაიკაში ინგლისის პრემიერ ლიგა ძალიან პოპულარულია და მე ბავშვობიდან ლონდონის „არსენალს“ ვგულშემატკივრობ. ნებისმიერი იამაიკელი ბავშვი გეტყვით, რომ მათი მთავარი ოცნება ინგლისში თამაშია. ჩემი პირველი კუმირი ტიერი ანრი იყო, ხოლო შემდეგ იოზილის თამაში მხიბლავდა.“

შთაბეჭდილება მოსკოვის „სპარტაკზე“
 „იამაიკაში ჩემპიონთა და ევროპის ლიგა ყველას უყვარს. როდესაც „სპარტაკის“ ინტერესის შესახებ შევიტყვე, გამახსენდა მათი თამაში ევროპის ლიგაზე. რუსებმა „ნაპოლი“ და „ლესტერი“ დაამარცხეს. ევროპის ლიგაზე არასდროს მითამაშია და მოსკოვურ კლუბში გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. გასულ წელს, „სპარტაკმა“ რუსეთის პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა. გავიგე, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნებოდა.“
ცნობისთვის, შამარ ნიკოლსონმა მოსკოვის „სპარტაკთან“ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა კი „ბოის თაუნში“ დაიწყო. ეს ის გუნდია, რომლის მატჩის დროსაც მამამისი მოკლეს. ევროპული კარიერის პირველი ნაბიჯები კი „შარლერუაში“ გადადგა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია