ბიპოლარული აშლილობა - ილიჩიჩის მდგომარეობა მძიმეა

ავტორი: Salo Qobalia • 23-01-2022, 01:09



„ატალანტა“ იოზიპ ილიჩიჩზე ნერვიულობს. 33 წლის ფეხბურთელმა ისევ დაიწყო მატჩების გაცდენა. უკანასკნელად სლოვენიელი მინდორზე 9 იანვარს გამოჩნდა. იქამდე კი საწვრთნელ ბაზაზე მხოლოდ 2021 წლის დეკემბერში მივიდა და „რომას“ წინააღმდეგ ითამაშა.
არსებობს ფორმალური მიზეზი - 16 იანვარს ილიჩიჩმა „ინტერთან“ ვერ ითამაშა, რადგან იტალიაში ახლა მხოლოდ ვაქცინირებულ ფეხბურთელებს უშვებენ. ხოსიპი კი აცრილი არ არის, თუმცა მთავარი პრობლემა ეს არ გახლავთ.

გაზეთმა La Repubblica-მ თავისი ვერსია გამოაქვეყნა:
„ილიჩიჩი შეხვედრებს დეპრესიის გაუარესების გამო ტოვებს. ის ფსიქიკურად იტანჯება. ეს ყველაფერი 2020 წელს მოხდა. ხოსიპს პანდემიის პირველი ტალღის დროს ძალიან უჭირდა. მას ოჯახურ ცხოვრებაში არსებული პირობები დაღს ასვამდა.“
ილიჩიჩის მდგომარეობაზე მისმა ყოფილმა თარჯიმანმა ანტონიო სივეკმა ისაუბრა:
სივეკი:
 „იოზიპმა თქვა, რომ მას პანდემია ძალიან აშინებდა. ის ასევე ყოფილ ცოლზე ნერვიულობდა. ბერგამოში პანდემია მძვინვარებდა. სასწრაფოს სირენების გამუდმებული ხმა, დაღუპულთა რიცხვები და გვამებით სავსე სატვირთო მანქანები. ილიჩიჩი შიშმა შებოჭა. ფიქრობდა, რომ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებდა.“
სლოვენიელ ფეხბურთელს თავდაპირველად საკუთარმა კლუბმა მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია. „ატალანტას“ მეტი სტაბილურობა სურს. La Repubblica-ს ინფორმაციით, ბერგამოული კლუბი ილიჩიჩის გაყიდვას იანვარშივე განიხილავს. გასპერინის სჯერა, რომ იოზიპი პრობლემებს გადალახავს და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება.
დეპრესია, რთული ცხოვრება და ბავშვობის წლები
ილიჩიჩი 1988 წელს ბოსნიაში დაიბადა. 1990-იანი წლების დასაწყისში იუგოსლავია დაინგრა და ბოსნიაში ომი დაიწყო. მრავალი წლის განმავლობაში „ატალანტას“ შემტევს მოგონებები ტანჯავდა. 7 თვის ასაკში მის თვალწინ მამა დახვრიტეს.
დროთა განმავლობაში ყველაფერი უნდა გაადვილებულიყო, მაგრამ... 2009 წელს ილიჩიჩი კლუბის გარეშე დარჩა. სლოვენიელი ფეხბურთელი დეპრესიაში ჩავარდა და კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შემდეგ, ის იტალიელ ფსიქოთერაპევტთან მივიდა სამკურნალოდ. პიეტრო მარანჯელომ მას ბიპოლარული აფექტური აშლილობა დაუდგინა.
2018 წელს ილიჩიჩის თანაგუნდელი და მეგობარი დავიდე ასტორი გარდაიცვალა. 33 წლის ფეხბურთელმა ეს ფაქტიც ძალიან განიცადა. ამის შემდეგ იოზიპი ლიმფური კვანძების ანთების გამო კინაღამ გარდაიცვალა. მისი სიცოცხლე დროულმა სამედიცინო ჩარევამ გადაარჩინა.
2020 წელს „ატალანტას“ ფეხბურთელი სლოვენიაში მეუღლის მოსანახულებლად გაფრინდა. სახლში მისულს, მისი ცოლი სხვა მამაკაცთან ერთად დახვდა. მოგვიანებით ამ ამბავს ყალბი უწოდეს, მაგრამ ფეხბურთელის „ინსტაგრამის“ გვერდიდან ცოლის ყველა ფოტო გაქრა.
„თუ კი ილიჩიჩი ნამდვილ დეპრესიაშია, მაშინ ეს ბიოლოგიური პრობლემაა და ვერანაირი სამოტივაციო გამოსვლები ვერ უშველის მას. მის სხეულში იმდენი სტრესის ჰორმონი „გლუკოკორტიკოიდებია“, რომ მისი ორგანიზმი უზარმაზარ სტრესულ რეაქციას განიცდის და ვერაფერს გააკეთებს. ყველა წვრილმანი გაერთიანდა და შედეგად დეპრესიისკენ ღრმა მიდრეკილება მივიღეთ
“ - განმარტა ფსიქოთერაპევტმა მაქსიმ ალიაბევმა.

მიმდინარე სეზონში, ილიჩიჩმა  23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯერ კიდევ დეკემბერში, გასპერინი იოზიპის პროგრესით აღფრთოვანებული იყო და თვლიდა, რომ მან დეპრესია გადალახა. 1 თვე გავიდა და ყველაფერი ისევ უარესობისკენ შეიცვალა, მაგრამ მწვრთნელი იმედს არ კარგავს.
„ყველა დეტალს ვერ ვამხელთ, რთულ მდგომარეობაში ვართ. ილიჩიჩი შემადგენლობაში მალე დაბრუნდება. ამას გპირდებით."



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია