ახალი შეთავაზება რუდიგერს - ჩელსი გერმანელის გაშვებას არ აპირებს

ავტორი: Salo Qobalia • 14-01-2022, 01:49


ლონდონის „ჩელსი“ გერმანელი ფეხბურთელის, ანტონიო რუდიგერის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობს. „არისტოკრატებს“ ერთ-ერთი ლიდერის გასხვისება არ სურთ და იმედი აქვთ, მასთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწევენ.

რუდიგერი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისით ევროპული გრანდები ინტერესდებიან. „ლურჯებს“ ამის შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენებათ და მის წარმომადგენლებს განახლებულ წინადადებას უმზადებენ.

„ჩელსი“ თანახმა იყო, რუდიგერისთვის ყოველკვირა 140 000 გირვანქა სტერლინგი გადაეხადა, მაგრამ ანტონიომ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. Daily Mail-ის მიხედვით, „არისტოკრატების“ ანაზღაურებას 200 000 გირვანქა სტერლინგამდე გაზრდიან და თვლიან, რომ ეს გერმანელის დასაყოლიებლად საკმარისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, რუდიგერი „რეალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ დაუკავშირეს. უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ პარიზული გრანდი გამოკვეთილი ფავორიტი იყო და „პარკ დე პრანსის“ ბინადრებმა გერმანელს ყოველწლიურად 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს.




მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია