კორონავირუსის ცრუ დადებითი პასუხები - ლივერპულში სკანდალია

ავტორი: Salo Qobalia • 12-01-2022, 01:44


კორონავირუსი ინგლისურ ფეხბურთს მნიშვნელოვნად აზიანებს. გუნდები ვარჯიშზე უარს ამბობენ. Covid-19 ადამიანებს შორის უნდობლობასაც იწვევს. 2022 წელს, ყველაზე კრიტიკული სიტუაცია სრულად ვაქცინირებულ „ლივერპულშია“.

დეკემბრის შუა რიცხვებში იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ყველა ფეხბურთელი და სტაფის წევრი ვაქცინირებულია. ახლა კი ისეთი სიტუაციაა, რომ გუნდს 2 დღით საწვრთნელი ბაზის დახურვაც მოუწია და ლიგის თასის ნახევარფინალი „არსენალის“ წინააღმდეგ გაუქმდა.
პრობლემები „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ დაიწყო. ხსენებული დაპირისპირება კორონავირუსის გამო კლოპმა, მატიპმა, ალისონმა და ფირმინომ გამოტოვეს. სიტუაცია 5 იანვარს დამძიმდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციებით, კორონავირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის პეპ ლაინდერსს, რომელმაც კლოპი „ჩელსისთან“ მატჩში შეცვალა.
კლუბმა ლიგის თასის ნახევარფინალის გაუქმება მოითხოვა, რომელიც 6 იანვარს უნდა ჩატარებულიყო. „ლივერპულმა“ დადებითი პასუხი მიიღო, თუმცა FA Cup-ის მესვეურებმა მატჩის გადადება არ ისურვებს და მერსისაიდელებმა 9 იანვარს „შრიუსბერის“ წინააღმდეგ ითამაშეს.
პრესკონფერენციაზე, კლოპის კიდევ ერთმა ასისტენტმა პიტერ კრავიცმა კლუბში არსებული ვითარება შეაფასა:
„ვიმედოვნებ იურგენი მალე დაბრუნდება. ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა განმეორებითი ტესტის ჩატარება აუცილებლად საჭიროა. 23-წლამდელთა გუნდში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.“
„შრიუსბერისთან“ „ლივერპულმა“ 4:1 მოიგო. გუნდს კლოპი ხელმძღვანელობდა. მატიპი რეზერვში დარჩა, ხოლო ფირმინო ცვლილებაზე შევიდა. მერსისაიდელები ძირითადად მეორე შემადგენლობით თამაშობდნენ. ყველაზე საინტერესო კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მოხდა, სადაც კლოპმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების ტესტის ცრუ დადებითი პასუხების გამო მალე ყველა ხელმისაწვდომი იქნება.
"გასულ კვირას, კორონავირუსის აფეთქება გვქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი ტესტის პასუხი ცრუ დადებითი იყო. რეალურად მხოლოდ ტრენტს დაუდასტურდა კოვიდი, დანარჩენი ფეხბურთელების პასუხები კი სიცრუე იყო."




მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია