რუბინის თურქული შეკრება - ხვიჩასთან ერთად ქართული წარმოშობის მცველი მოემზადება

ავტორი: Salo Qobalia • 12-01-2022, 01:41


ყაზანის ''რუბინი'' სეზონის მეორე ნახევრისთვის თურქეთში მოემზადება. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ლეონიდ სლუცკი 11-დან 23 იანვრამდე ყაზანურ კლუბს ბელეკში მოამზადებს. კლუბი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, პირველი მეტოქე ვორონეჟის ''ფაკელი'' იქნება (20 იანვარი), მეორე მეტოქე კი - პოლონური პლოცკის ''ვისლა'' (23 იანვარი).


თურქულ შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ''ზენიტის'' აღზრდილი ილია ვახანია მოემზადება. ქართული წარმოშობის 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც სანქტ. პეტერბურგშია დაბადებული, რუსეთის 17, 18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, თუმცა ''ზენიტის'' პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცეს და ეცდება ყაზანური კლუბის მთავარ მწვრთნელს თავი მოაწონოს.



ცნობისთვის, რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ 17 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. ცოტა ხნის წინ, „კვარაზე“ „მანჩესტერ იუნაიტედის'' ექს-ფეხბურთელმა ანდრეი კანჩელსკისმა ისაუბრა და განაცხადა, რომ კვარაცხელიას პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი აქვს.

გასულ თვეში Daily Express-ი იუწყებოდა, რომ ''ლიდსი'' სატრანსფერო ფანჯრისას მთავარ აქცენტს მცველებზე გააკეთებს, რაც შეტევითი ხაზის გაძლიერებასა და ყაზანის ''რუბინის'' შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას არ გამორიცხავს. წყაროს მიხედვით, ''ლიდსში'' ქართველი ტალანტის გადაბირებას განიხილავენ, რაც 18 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდება. ''რუბინის'' გენერალური დირექტორის, რუსტემ საიმანოვის თქმით, ხვიჩას აღნიშნული თანხის სანაცვლოდ დათმობენ. მიმდინარე თვეში კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია