ჯოკოვიჩი თავისუფალია! ნოლემ სასამართლო მოიგო და ავსტრალიაში რჩება

ავტორი: Salo Qobalia • 10-01-2022, 16:13



სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში ავსტრალიაა, სადაც თბილისის დროით 03:00 საათიდან ნოვაკ ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

რამდენიმესაათიანი პროცესის შემდეგ, მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო: ჯოკოვიჩისთვის ავსტრალიის ვიზის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ნოვაკი კარანტინ-სასტუმროდან უნდა გაათავისუფლონ, დაუბრუნონ პასპორტი და ყველა ნივთი.


ამავდროულად, ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კრისტოფერ ტრანმა განაცხადა, რომ მინისტრ კარენ ენდრიუსს ჯერ კიდევ შეუძლია, მოითხოვოს ჯოკოვიჩის ქვეყნიდან გაბრუნება. Herald Sun-ის ინფორმაციით, ტრანმა აღნიშნა, რომ ენდრიუსს აქვს ამის უფლებამოსილება. ანუ, სასამართლოს მოგება ჯერ კიდევ არ აძლევს ჯოკოვიჩს იმის გარანტიას, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე მაინც იასპარეზებს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მიუხედავად აუცრელობისა, ავსტრალიაში კარანტინის გარეშე შესვლის უფლება ჰქონდა, რადგან საზღვარზე ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა - მათ შორის, გამონაკლისის დაშვების დამადასტურებელი საბუთები, რაც შტატ ვიქტორიის მიერ ავტორიზებული სამედიცინო უწყებებისგან მიიღო.

ავსტრალიის სასაზღვრო სამსახური კი საპირისპიროს ამტკიცებდა - ჯოკოვიჩი 5 იანვარს ქვეყანაში არ შეუშვეს და მისი დეპორტაცია მოითხოვეს, რაც სერბი ჩოგბურთელის ადვოკატებმა გააპროტესტეს. შესაბამისად, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული საბოლოო გადაწყვეტილებამდე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში გადაიყვანეს. ჯოკოვიჩის დედამ განაცხადა, რომ აღნიშნულ სასტუმროში “საშინელი, არაჰუმანური პირობებია.”



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია